Landmarker Group ახალ პროექტს – Landmarker Camps-ს იწყებს, რომელიც წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის მრავალფეროვან ბანაკებსა და საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს გააერთიანებს.

პროექტის ფარგლებში, ჯგუფის სხვადასხვა სასტუმროსა და ბრენდში გაიმართება თემატური ბანაკები, ჰაკათონები, მწვანე და ეკოლოგიური მიმართულების აქტივობები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სპეციალური სივრცეები უფროსებისთვის, სტუდენტებისთვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
Landmarker Camps-ის მთავარი იდეაა ადამიანების, გამოცდილებებისა და ადგილების ერთმანეთთან დაკავშირება – სივრცეების შექმნა, სადაც მონაწილეები შეძლებენ როგორც ახალი ცოდნის მიღებას, ასევე განტვირთვას, კომუნიკაციასა და ახალი გამოცდილებების გაზიარებას.
პროექტის პირველი ღონისძიება – „მშობლების დღეები“ – 10-12 ივლისს გაიმართება. სამდღიან ბანაკს გაუძღვება ფსიქოთერაპევტი, ტრენერი, ლექტორი, სამოტივაციო სპიკერი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი და პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) წევრი – ლალი ბადრიძე.

სტრუქტურა სპეციალურად მშობლებისთვის შეიქმნა და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მშვიდ და კომფორტულ გარემოში მიიღონ პრაქტიკული და ფსიქოლოგიური რჩევები, ისაუბრონ თანამედროვე მშობლობის გამოწვევებზე, ემოციურ კეთილდღეობაზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და ბავშვებთან ჯანსაღ კომუნიკაციაზე.
„მშობლების დღეები“ იქნება სივრცე, რომელიც აერთიანებს თვითგანვითარებას, დასვენებასა და ღირებულ გამოცდილებებს.
რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია სულ მალე გამოცხადდება. თვალი ადევნეთ Landmarker Group-ის სოციალურ ქსელებს.








