თბილისის გულში, აღმაშენებლის გამზირის #103-ში მდებარე, მიტოვებული შენობა, თავდაპირველ დანიშნულებას დაიბრუნებს. 140 წლის შემდეგ, სასტუმრო „ვეტცელი“ აღდგება და Landmarker Group-ის წევრი გახდება, როგორც კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობაზე დაფუძნებული პრესტიჟული ლოკაცია.

ისტორია, რომელიც ახლიდან იწერება
1880 წელს აგებული „ვეტცელი“ იყო პირველი შენობა თბილისში, რომელიც სპეციალურად სასტუმროდ აშენდა. მისი არქიტექტორი გახლდათ გერმანელი ლეოპოლდ ბილფელდი, დამფუძნებელი კი ადგილობრივი გერმანელი მეწარმე ფრიდრიხ ვეტცელი. განსხვავებით იმდროინდელი სასტუმროებისგან, რომლებიც გადაკეთებულ მდიდრულ სახლებში ფუნქციონირებდნენ, „ვეტცელი“ იყო სრულფასოვანი კომერციული ინფრასტრუქტურა – ელექტროობით, გათბობით, ლიფტით, ბაღითა და თეატრით.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მას „თბილისის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროდ“ მოიხსენიებდნენ. აქ ჩერდებოდნენ ევროპელი მოგზაურები, ვაჭრები, სამხედრო პირები; ეწყობოდა ქორწილები, კონცერტები, წარმოდგენები და მიღებები. „ვეტცელი“ იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ადგილობრივი ელიტა და საერთაშორისო სტუმრები – ადგილი, რომელიც ქალაქის სოციალურ და კულტურულ რუკაზე ცენტრალური წერტილი იყო.

კულტურული ჰაბი და საზოგადოების ცენტრი
ვეტცელი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ ყოფილა. მისი მარცხენა ფრთა თეატრს ეთმობოდა – აქ იმართებოდა წარმოდგენები, კონცერტები და სხვადასხვა სახის სანახაობა, რომლებიც წლების განმავლობაში იზიდავდა თბილისელ ინტელიგენციას, არტისტებსა და არისტოკრატიას. სასტუმროს ბაღი ზაფხულობით ოპერის ორკესტრის ღია კონცერტების ადგილი ხდებოდა, ხოლო ერთ-ერთი რესტორანი, რომელიც „გერმანულ სტილში“ იყო გაფორმებული, მოგვიანებით დამოუკიდებელ სივრცედ ჩამოყალიბდა სახელწოდებით „გერმანია“.
სამსართულიანი, ბაროკოს ელემენტებით გაფორმებული, U-ს ფორმის ნაგებობა მაშინდელი თბილისის ერთ-ერთი არქიტექტურული სიამაყე იყო. ფასადს ამშვენებდა Hermes-ის ქანდაკებები, ხოლო ინტერიერში მოგვიანებით შეიქმნა ხელოვნური მღვიმეებიც – დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ხაზს უსვამდა სივრცის თეატრალურობასა და სიურპრიზულ ხასიათს.
მრავალნაწილიანი ეპოქა
ფრიდრიხ ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ (1904), სასტუმროს მართვა ჯერ მისმა შვილმა განაგრძო, შემდეგ კი ის გადააბარეს სხვა მფლობელებს. მე-20 საუკუნეში შენობა არაერთი სახელით იყო ცნობილი – „ნოე“, „ევროპა“, „რუსთავი“ – რაც ასახავს ქვეყნის ისტორიულ ტრანსფორმაციებს. საბოლოოდ, 1970-იანი წლებიდან შენობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გადაეცა და ფუნქციონირება შეწყვიტა.
მიუხედავად ათწლეულების განამვლობაში დაგროვებული სიჩუმისა, „ვეტცელი“ ოფიციალურად კვლავ განიხილება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დღესაც შენარჩუნებულია როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული არქიტექტურული ნიმუში.
Landmarker Group-ის ახალი თავი
დღეს, ეს უნიკალური შენობა გადადის ახალ ფურცელზე – ის Landmarker Group-ის სამომავლო პროექტების სიაშია. გუნდის, რომელმაც გუდაურში წამყვანი სასტუმროები – “მარკო პოლო” და “ალპინა” მოაქცია ერთი ქოლგის ქვეშ და თბილისის შუაგულში, პურის მოედანზე, ისტორიულ შენობებს ახალი სიცოცხლე შესძინა, სასტუმრო “პურის მოედნის” სახით.








